Police.ge

ოჯახში ძალადობა

ოჯახში ძალადობა ძალადობის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული და გავრცელებული ფორმაა. იგი მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში არსებობს და საზოგადოების ყველა ფენას მოიცავს. ოჯახში ძალადობა ძირითადად ჩადენილია მამაკაცის ან ქალის მიერ ყოფილი ან ახლანდელი პარტნიორის ან ოჯახის სხვა წევრის წინააღმდეგ. იგი უმთავრესად მოიცავს შეურაცხმყოფელ და იძულებით ქცევას, როგორიცაა ფსიქოლოგიური, ფიზიკური ან სექსუალური შეურაცხყოფა. ოჯახში ძალადობა ხშირ შემთხვეევაში იწვევს ჯანმრთელობის სერიოზულ გაუარესებას, ფიზიკურ და ემოციურ აშლილობას, რომლის შედეგიც შეიძლება ფატალურად დასრულდეს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს მთავრობისთვის და შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია. სამინისტრო სხვა უწყებებთან და საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად აქტიურად მუშაობს ოჯახში ძალადობის პრევენციაზე. ამ მიზნით 2006 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ. შსს წარმომადგენლები მონაწილეობას ღებულობენ ოჯახში ძალადობის აღკვეთის ღონისძიებათა განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საბჭოს მუშაობაში, რომელიც შეიმუშავებს და კოორდინაციას უწევს ოჯახში ძალადობის სამოქმედო გეგმის განხორციელებას. ამ ეტაპზე საბჭოს წევრებმა მოამზადეს ცვლილებათა პაკეტი, რომელიც სამართლებრივ კავშირშია ზემოაღნიშნულ კანონთან და მისგან გამომდინარე საკანონმდებლო აქტებზე. აღნიშნული ცვლილებათა პაკეტი დასამტკიცებლად უნდა წარედგინოს საქართველოს პარლამენტს.

შსს სამინისტროს მასშტაბით საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი და საუბნო სამსახური აქტიურად არის ჩართული ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში. ოჯახში ძალადობის შესახებ ფაქტის ცნობის საფუძველზე შემთხვევის ადგილზე გადის საპატრულო ეკიპაჟი. იმ ადგილებში, სადაც არ ვრცელდება საპატრულო პოლიციის სამოქმედო კვადრატი, გამოძახებაზე გადის უბნის ინსპექტორი. ძალადობის ფაქტის დაფიქსირებისას, პოლიციელი უფლებამოსილია, საჭიროების შემთვევაში,  ძალადობის განმეორების თავიდან აცილების მიზნით გამოსცეს შემაკავებელი ორდერი.

ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა შსს აკადემიის სასწავლო პროგრამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია. აკადემია ყოველწლიურად ახორცილებს ოჯახში ძალადობის საგნის სწავლებას საბაზისო კურსით, რომლითაც გათვალისწინებულია შემდეგი საკითხების შესწავლა:

  • ოჯახის წევრთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ხელშეუხებლობის, ოჯახში ღირებულებების დაცვის საკანონმდებლო გარანტიები, დამცავი და შემაკავებელი ორდერი;
  • ოჯახში ძალადობის კომპონენტები;
  • ოჯახში ძალადობის სავარაუდო შედეგები;
  • ოჯახში ძალადობის გამოვლენა, აღკვეთა და თავიდან აცილება;
  • ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვა, დახმარება და რეაბილიტაცია.

სამინისტრო სამართალდამცავთა გადამზადების საკითხებში ასევე თანამშრომლობს არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, აგრეთვე მონაწილეობას ღებულობს ოჯახში ძალადობის საკითხებთან დაკავშირებულ კვლევებში.

შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უზრუნველყოფს უფასო ცხელი ხაზის - „022" - 24 საათიან სამუშაო რეჟიმში ფუნქციონირებას. აღნიშნულ ნომერზე მუშაობენ სპეციალურად დატრეინინგებული ოპერატორები, რომლებიც დროულ რეაგირებას ახდენენ შემოსულ ინფორმაციაზე.
 

Created By: Pro-Service Copyright © 2010 MIA. All Rights Reserved.