
შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და სამსახურებრივი სიყალბის ბრალდებით დაკავებულ იქნენ სასაზღვრო პოლიციის საფინანსო სამეურნეო სამმართველოს უფროსი ლევან ასიტაშვილი და ამავე სამმართველოს შესყიდვების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი დავით გედენიძე.
ასევე დაკავებულ იქნა პოლიცილთა თანამზრახველი შპს ,,ჯეოიმპექსი”-ს დამფუძნებელი და ხელმძღვანელი გიორგი დავითურიც.
2010 წლის 16 იანვარს სასაზღვრო პოლიციაში გამოცხადდა საერთაშორისო ტენდერი საკვები პროდუქტების შესყიდვასთან დაკავშირებით, რომლის საერთო ღირებულება შეადგინა 2 600 000 (ორი მილიონ ექვსასი) ლარი. ლევან ასიტაშვილმა და დავით გედენიძემ ტენდერის ოფიციალურად გამოცხადებამდე მცირე ხნით ადრე მეგობრებს დაარსებინეს ფირმები და პირადი სარგებლის მიღების სანაცვლოდ, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით მიანიჭეს არამართლზომიერი უპირატესობა და გაამარჯვებინეს ხსენებულ ტენდერში.
დაკავებულთაგან ჩადენილ დანაშაულს სრულად აღიარებს დავით გედენიძე, ხოლო ლევან ასიტაშვილი და გიორგი დავითური დანაშაულს აღიარებენ ნაწილობრივ.
მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე და 341-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის.
გამოძიებას აწარმოებს შსს გენერალური ინსპექცია.
მოქმედი კანონმდებლობით ხსენებულ დანაშაულთა ჩადენა ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 9 წლამდე