შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • აშშ-ს საელჩომ დაღუპული ქართველი პოლიციელი ქალის სახელობის ორდენი დააწესა
11-03-2017

აშშ-ს საელჩომ დაღუპული ქართველი პოლიციელი ქალის სახელობის ორდენი დააწესა

თბილისში დასრულდა ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია - „ქალები პოლიციაში“, რომელიც საქართველოს შს სამინისტროს და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს (INL) თანამშრომლობის ფარგლებში მიმდინარეობდა. ღონისძიებაში 18 ქვეყნის 300-მდე პოლიციელი ქალი მონაწილეობდა.

კონფერენციის ფარგლებში, წელს პირველად აშშ-ს საელჩომ დააწესა კახეთის რეგიონში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული პოლიციელის - მაია ჯავახიშვილის სახელობის ორდენი. პირველი ორდენები ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელს - მაია ფელიშვილს, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის, და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაჭრილ ამერიკელ პოლიციელს - კორტნი გეილს გადაეცათ. ღონისძიებას გარდაცვლილი ქართველი პოლიციელის და - თამარ ჯავახიშვილიც ესწრებოდა. ამერიკელ პოლიციელ ქალს მან ორდენი პირადად გადასცა.

კონფერენციაზე, ოთხი დღის განმავლობაში, ქალ-სამართალდამცველებს სამართლებრივი სფეროს სხვადასხვა თემაზე ტრენინგები ჩაუტარდათ. ღონისძიების მონაწილეებმა პრაქტიკული სავარჯიშოები შეასრულეს და ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს. დასასრულს, ყველა მონაწილეს შესაბამისი სერთიფიკატი გადაეცა.

კონფერენცია -„ქალები პოლიციაში“ საქართველოში ყოველი წლის მარტში იმართება და სამართალდამცველების კვალიფიკაციის ამაღლებას, პოლიციელთა რიგებში ქალის როლის წარმოჩენას და მათი მოტივაციის ამაღლებას ისახავს მიზნად.