შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაციის წევრები აზერბაიჯანის საგანგებ...
29-01-2014

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაციის წევრები აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციების მინისტრს შეხვდნენ

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაცია შს მინისტრის მოადგილე ვახტანგ გომელაურის ხელმძღვანელობით ბაქოში ოფიციალურ ვიზიტს განაგრძობს. ვიზიტის მეორე დღეს დელეგაციის წევრებმა შეხვედრა გამართეს აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციების მინისტრთან, გენერალ-პოლკოვნიკ ქემალედინ გეიდაროვთან.

ვიზიტის ფარგლებში, ქართული დელეგაცია ასევე ეწვია აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს აკადემიას, სადაც მეხანძრე-მაშველების სწავლების პროცესს, სასწავლო გეგმებსა და სასწავლო-მატერიალურ ბაზას გაეცნო. იმავე დღეს ქართული დელეგაციის წევრები – შს მინისტრის მოადგილე ვახტანგ გომელაური, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის დირექტორი ზვიად ქაწაშვილი, ამავე დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ლევან ბუიღლიშვილი და სხვა ხელმძღვანელი პირები აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს აკადემიის ხელმძღვანელებს და პედაგოგიურ კოლექტივს შეხვდნენ და ქართველი მეხანძრე-მაშველების მომზადების შესაძლებლობები განიხილეს.

ვიზიტის ბოლოს ქართულმა დელეგაციამ საგანგებო სიტუაციების მინისტრის მოადგილის, გენერალ-ლეიტენანტ ფაიგ ტაგი-ზადესთან შემაჯამებელი შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაზუსტდა სამომავლო, ერთობლივი ღონისძიებების გეგმა. აზერბაიჯანელმა და ქართველმა კოლეგებმა იმედი გამოთქვეს, რომ ორი სახელმწიფოს სტრატეგიული ურთიერთობა კიდევ უფრო გაუმჯობესდება და სახანძრო-სამაშველო სამსახურები კიდევ უფრო გააღრმავებენ ურთიერთთანამშრომლობას.