შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღის გასაღების ფაქტი აღკვეთა
11-10-2015

შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღის გასაღების ფაქტი აღკვეთა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 1990 წელს დაბადებული ნეიმათ კ. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის, ტარების და მართლსაწინააღმდეგო გასაღების მცდელობის ბრალდებით, საგარეჯოს რაიონის სოფელ იორმუღანლოში დააკავეს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, „კალაშნიკოვის“ სისტემის, „ა-კა 74“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ერთი მჭიდით და 32 საბრძოლო ვაზნით, „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტი ერთი მჭიდით, 8 საბრძოლო ვაზნით და 6 ათასი ლარი ამოიღეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ნეიმათ კ. აღნიშნული იარაღის და საბრძოლო ვაზნების რეალიზაციას აპირებდა და მყიდველისგან 6 ათას ლარი ჰქონდა აღებული. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო გასაღების მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 19-236-ე მუხლის მე-4 ნაწილით).