შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შსს-ს დაცვის პოლიციის თანამშრომლებმა „საქართველოს ბანკზე“ ყაჩაღური თავდასხმის ფა...
15-04-2016

შსს-ს დაცვის პოლიციის თანამშრომლებმა „საქართველოს ბანკზე“ ყაჩაღური თავდასხმის ფაქტი ოპერატიულად აღკვეთეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თბილისის სამმართველოს ვაკე-საბურთალოს განყოფილების თანამშრომლებმა "საქართველოს ბანკზე" ყაჩაღური თავდასხმის ფაქტი დანაშაულის ადგილზევე აღკვეთეს. თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე, "საქართველოს ბანკის" ექსპრეს-ფილიალში, რომელსაც დაცვის პოლიცია საგანგაშო ღილაკით იცავს, შეიარაღებული პირი შეიჭრა და ბანკის დაყაჩაღება სცადა.

შსს-ს დაცვის პოლიციაში განგაშის სიგნალის შესვლისთანავე, ოპერატიული რეაგირების ჯგუფი შემთხვევის ადგილზე გავიდა. სამართალდამცველებმა 1973 წელს დაბადებული ირაკლი კ. ადგილზევე დააკავეს, ნივთმტკიცებად – ცეცხლსასროლი იარაღი და ხელჩანთა ნაძარცვი თანხით ამოიღეს.

აღნიშნული ფაქტი, შემდგომი რეაგირებისთვის, კრიმინალური და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებს გადაეცათ. გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლით) . საქმეს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი იძიებს.